Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აპრილი, 2010

მოდით რაც დღეს უნდა მოგიყვეთ იმ ამბავს ჯერ ორიოდ სიტყვას წავუმძღვარებ წინ[მათთვის ვინც არ მიცნობს]: დაახლოებით სამი თვის წინ, უფრო სწორად 17 იანვარს მოვიყვანე ცოლი, ანუ დავოჯახდი[ძალიან მიყვარს ეს სიტყვა:)].ერთად თანაცხოვრების დაწყებამდე ზუსტად წლის და 11 თვის წინ გავიცანით ერთმანეთი, ანუ 17 თებერვალს, ჩემი ძმაკაცის დაბადების დღეზე. დროის ამ მონაკვეთიდან დაახლოებით 1.5 წელია რაც გვიყვარს ერთმანეთი და გადავწყვიტეთ, რომ ერთად ცხოვრების დრო იყო უკვე და ასე აჯობებდა ორივესთვის. ასეც მოხდა, ყველაფერი ცივილიზებულად და ადამიანურად მოვაგვარეთ, ოჯახების გაცნობა, ნიშნობა და ა.შ. მალე შევამჩნიეთ რომ ჩვენ უკვე ორნი აღარ ვიყავით :) ძალიან გამახარა მეუღლემ როცა მითხრა [უფრო სწორედ სახეგაბადრულმა და თვალებგაცისკროვნებულმა მახარა] რომ ორსულად იყო. მართალს ვიტყვი: მე ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, აბსოლუტურად განსაკუთრებული შეგრძნებაა, ვერაფერს შეადარებ . ბევრი რომ არ გავაგრძელო დღეს კლინიკაში მყავდა, კონსულტაცია, ანალიზები, ექოსკოპია და მთელი ამბები. ბავშვი ნორმის ფარგლებში იზრდება,  ზომით,  წონით, გარეგნულად ყველაფერი ნორმასა და წესრიგში და თავის ადგილას აქვს. ექიმი ძალიან კმაყოფილი დარჩა, ყველაფერი ძალიან მომწონს და ძალიან ნორმალურად მიმდინარეობს ორსულობაო. და ახლა კულმინაციასაც მივაღწიეთ: თავიდან არ გვინდოდა გაგვეგო სქესი მაგრამ ბოლოს ცნობისმოყვარეობამ გადაგვძალა და . . .

ბიჭია ! ! ! ბიჭიიი ! ! ! . . .

Advertisements

Read Full Post »

დილიდან, უფრო სწორად წუხანდელი ღამიდან უცნაურად მოღუშული ხასიათი ამყვა. უცნაურითქო იმიტომ ვამბობ რო არ მჩვევია დიდი ხნით მოწყენა, ცოტა ხანი მოვიღრუბლები და მერე ისევ გამოვიდარებ ხოლმე მაგრამ ეს რაღაც სხვანაირი იყო, არა ისეთი როგორიც სხვა დროს ხდება ხოლმე. ჯერ კიდევ წუხელ დაიწყო ეს ყველაფერი, ღამის 3-4 საათზე გამეღვიძა თვალცრემლიანს, ცუდად ვიყავი, ვგრძნობდი რომ რაღაც მაკლდა, რაღაც მტკიოდა. არ მინდოდა ჩემი მეორე ნახევარი ლოგინში წრილით და მოუსვენრობით გამეღვიძებინა და შემეწუხებინა და შევეცადე დავმშვიდებულიყავი და დამეძინა.არც ისე ადვილი აღმოჩნდა… მოწყენილობა ვერ მოვიცილე, ამყვა და ამიყოლია…ამდენ ფიქრში გათენდა კიდეც და სამსახურში წასვლის დროც მოვიდა, როგორღაც გავუმკლავდი თავს, მოვახერხე მოვრეოდი თავს და ჩემი საქმე შემესრულებინა. არ მესმოდა რატომ მჭირდა ასეთი რამ. მოვიარე სამსახური, ნახევარი დღე საქმეში ჩაფლულმა გავატარე მაგრამ ხასიათი ვერ გამოვისწორე.მხოლოდ მაშინ გამინათდა გონება როცა სასწავლებელში მიმავალმა ასე ნაცნობი და ასე საძულველი ადგილი, მეტროსადგური წერეთელი დავინახე,  ძალიან ნაცნობი, ზედმეტადაც კი. თავი ძლივს შევიკავე რომ არ ამომეხრიალა…  გონებაში 15 წლის, სისხლში ამოსვრილი, მომაკვდავი გოგო ამომიტივტივდა…. დღეს ხომ 21 აპრილია?! 21 აპრილი… მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა… ძალიან გრძელი და ცარიელი ოთხი წელი.რომ არა ეს ავადსახსენებელი დღე კიდევ ერთი ლამაზი ოჯახი შეემატებოდა ჩვენს პატარა სამშობლოს, კიდევ ერთი ლამაზი წყვილი ივლიდა დედამიწის ზურგზე და დატკბებოდა ერთმანეთის სიყვარულით….

მაშინ კი ყველაფერი წამებში მოხდა, მშვიდად  მოსეირნე ერთმანეთის მოსიყვარულე ქალ-ვაჟს წინ ვიღაც მესამე სიკვდილივით აესვეტა, “ის”… ის მართლაც სიკვდილი ყოფილიყო თურმე…სულ რამოდენიმე ხმამაღალი სიტყვა და…. გასროლა… მეორე… მესამე… ორი ააცილა ნასვამმა, თვალებამღვრეულმა…. მესამე იმ მიმართულებით წავიდა სადაც პატრონს  სურდა მაგრამ მის სამიზნეს სიყვარულისგან გაგიჟებული გოგო გადაეფარა… მან თავისი გრძნობა მარადისობად აქცია…. ტყვია გულს შეხებოდა თურმე… ძალიან ოდნავ მაგრამ მაინც….

შემდეგ იყო ტირილი, ცრემლები, ტკივილი, სიცარიელე, გლოვა… იყო დაკრძალვა…. იყო ხანგრძლივი დეპრესია…

იყო სასამართლო…

სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაყვანიდან მეხუთე დღეს ტუსაღმა “თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე”….  ვენებგადახსნილ მიცვალებულს თავთან ფოტოსურათი ედო… ქერა, ცისფერთვალება კოლხი გოგოს ფოტო…

ეს იყო  2006 წლის 21 აპრილი… მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა…..

Read Full Post »